Leqsebi :**

  • კატეგორია:
  • დედა!
    (8 წლის წინ ამერიკაში წასულ დედას და იქვე დაბადებულ უკვე 5 წლის ძმას, რომელიც ჯერ არ მინახავს)

    დე, გახსოვს ყოველთვის მიწყობდი სიურპრიზებს
    ან თოვლი ჩვენს ფოთში რა ფრთხილად ეფინა,
    ჰო, სევდა სულ, მუდამ ამ ჩემს გულს უმიზნებს
    შორია (აქედან) დე ფილადელფია ...

    დე, შენსთავს ვფიცავარ სულ გიცდი კარებთან
    და ხელში შავ-თეთრი ის ფოტოც მიჭირავს,
    თითქოს და შემდგარი კაცი ვარ გარედან
    შიგნით - რაც დამტოვე იგივე ბიჭი ვარ ...

    ცხოვრებას სიკვდილის ხაზებად ვევლები
    ფიქრებში ღამეებს გუშინაც მივაკვდი,
    ბებია ცდილობს, რომ დამალოს ცრემლები
    ბაბუამ - მეორედ მიიღო ინფარქტი ...

    ჩვენთან წვიმს ამ დილით, იმდენად, იმდენად
    ჩემს ცრემლს და წვიმის წვეთს ვერავინ გაარჩევს,
    სიკვდილმაც დამბაჩა რომ გადაიტენა
    იმ ტყვიამ რატომღაც აკოცა მამაჩემს ...

    სულში რა ომია იმათ რა იციან
    ჩვენთან სხვანაირად უფრო მზე მწველია,
    მეტი არაფერზე არ მაქვს ამბიცია
    მხოლოდ ძმის ნახვა მსურს მეხუთე წელია ...

    ჩემში ტკივილების არის ესტაფეტა
    ღმერთი არც კი ვიცი რითი გავაბრაზე,
    ჩემთვის შენ იყავი "დე" ან ზოგჯერ "დედა"
    ძმისთვის სამწუხაროდ - "mammy" ან და "mother" ...

    ასე მივუყვები დე, მე კუთვნილ აღმართს
    გზას როცა ვამთავრებ ცოტა იქ ვიღლები,
    ყვავილებს გჩუქნიდი გახსოვს ყოველ 3 მარტს
    ახლა მამაჩემთან დამაქვს გვირილები ...

    გრძნობებს მიჯაჭვული ვრჩები რახანია
    როგორც ამირანი, ან როგორც პრომეთე,
    ვზივარ ბუხართან, ეს რაღაც ახალია -
    ლექსებს გიწერ ... როგორც შვენით დღეს პოეტებს ...

    ღამე იწვება და ეს დილა ფერფლია
    დავიწყებ ახლიდან, შენ ხელი გამიშვი,
    შორია ფოთიდან დე ფილადელფია
    მე გხედავ სიზმრებში ... (კვირა დღეს Skype-შიც)


    ცრემლები მარიამ
    თავს ძლივსღა ვიკავებ ... თებერვალს გავგუდავ
    ვერ გეტყვი გრძნობები არის თუ არიან,
    დღე-და-ღამ აჩრდილად, ყოველთვის და მუდამ
    მარიამ აქ მყავდი, აქ მყავდი მარიამ ...
    და გული მიძგერდა, ვითვლიდი ნაბიჯებს
    ერთიდან ათამდე, ასამდე ოციდან,
    ვერ ვთმობდი ტკივილებს, ოცნებებს, ძმა-ბიჭებს
    ვხედავდი სტრიქონი სტრიქონებს კოცნიდა ...
    თამამი ვარსკვლავი ... მარსისგან ორსულად
    გამხდარა. თურმე და ამ ღამეს მთვარიან -
    ოცნებებს მოგიტან ... (ზამთარი მოსულა)
    მარიამ შემცივდა ... შემცივდა მარიამ ...
    ღამეებს ფეხდაფეხ მისდევენ დღეები
    ტალღები კოცნიან შავი ზღვის ნაპირებს,
    მოშორდი პრინციპებს, გაზაფხულს შეები
    მე - შენი პოეტი ხელახლა ვაპირებ:
    ავუყვე რიტმების უდიდეს სართულებს
    შემიპყრას ლექსების სენმა თუ მანიამ,
    ჰო, შენი თვალები ყველაფერს ართულებს
    მარიამ ცრემლები ... ცრემლები მარიამ



    დავშორდეთ მოდი
    დავშორდეთ მოდი ... მიზეზი გვაქვს ასი ათასი
    არ გენანები, მე ხომ ვატყობ (არ ვიმჩნევ მაგრამ)
    საყვედურს, ცრემლებს ციცქნა გულში ასე ათავსებ
    და ქორწინებაც მე თუ მკითხავ უკვე აზრს კარგავს ..
    ვხედავ თანდათან, რაც დრო გადის განაღვლებ აღარ
    თუნდაც ეპოქამ შენს სუსტ პოეტს სისხლი ადინოს,
    მე არ მგონია გავუმკლავდე ოცნებებს მაღალ
    მოვრჩეთ, ასე ჯობს საყვარელო, კარგად! Adios!
    რა დაშავდება პირობითად რომ იყოს ასე:
    მე ლექსებს ვწერდე, შენ დაღლილი რომ გვერდით მეჯდე?
    იცი? ტყუილია ... იცი? მოვრჩეთ ... არა აქვს ფასი
    რომ არათითზე ვატარებდეთ ოქროსფერ ბეჭდებს ...
    შენ არც კი მისმენ რომ გიკითხავ დანაჯღაბნს რაღაც
    მე - ცოცხალ სევდას, ყოველ ღამით ვალს მადებს ღმერთი,
    მომხსნი კედლიდან, გადამაგდებ, როგორც ძველ ნახატს
    იცი? გამისკდეს ლამისაა ფეთქვისგან მკერდი ...
    ფიქრს ვატან უკვე ჩემი გულის უდიდეს სექტორს
    ხედავ ზამთარი ბატკნებივით ხეებს რომ პარსავს?
    ან რა აზრი აქვს ჯიბეში რომ ფურცელი მეგდოს?
    ჩემი ლექსები? - აშკარაა კიდია მასას ...
    მახსოვს ვხვდებოდით ტრიუმფალურ (ფაზისის) თაღთან
    თუ მოგენატრა ოდნავ მაინც - ძალიან კარგი,
    მაგრამ ცხოვრებამ გადაწყვიტა და დროა ნაღდად
    რომ ჩვენ ორიდან დღეს ერთ-ერთმა ჩააწყოს ბარგი ...
    ჰო, სწორედ ახლა, ნუღარ გიკვირს, ვუცადოთ ვის კი?
    ან რა აზრი აქვს ამიხსენი სულელურ ლოდინს?
    შენ შენი სახლი გელოდება, მე - ჩემი ვისკი
    ჰოდა მშვიდობით, კიდევ გეტყვი დავშორდეთ მოდი ...
    ნუღარ უჩივლებ (რომ გჩვევია) ფორტუნას, იღბალს
    დიდი ხანია (ხომ ესეა?) რაც ამ დღეს უცდი,
    მაგრამ მე ვიცი, ამ მასკარადს, ამ ნიღაბს მიღმა
    ცისფერთვალება გოგონა ხარ, ბავშვივით სუსტი ...
    ქალაქს ღრუბელი ბადრაგივით სულ თავზე ადგას
    გახშირდა თითქოს ჩხუბის შემდეგ სენტიმენტები,
    გულის დამალულ, ჩაბნელებულ კუთხეში სადღაც
    რატომღაც მაინც ისე ძლიერ მეიმედები ...
    სადარბაზოში ვეწევი და გარეთ ქარია
    სანამ ჩაქვრები ლექსებს გეტყვი თამბაქოს ფერფლო,
    სამწუხაროა ეგზომ, თუმცა ჩემო მარიამ
    ხანდახან შენთან სამეტყველო ენასაც ვერ ვფლობ ...
    ბუნტისთავივით ამ სიჩუმეს მხარს მაგრად გავკრავ
    მინდა ფიქრები უმოწყალოდ ახლა დავსერო,
    დავშორდეთ მეთქი, თუმცა არის აქ ერთი "მაგრამ"
    ანუ, ბოლომდე მომისმინე ... ანუ ... ასე რომ:
    გულის სიღრმიდან მოვარდნილი ბოლო ხმაც მტოვებს
    (ლბება სიმკაცრე, ისე როგორც ცივ წყალში ჩვარი)
    დავშორდეთ მოდი - გეფიცები ჯერ არცერთ პოეტს
    ჯერ არცერთ მათგანს უწერია მეორედ ჯვარი -
    იგივე ქალთან ...


    მხოლოდ და მხოლოდ (მარიამებს)
    ... და ვარსკვლავები ღმერთებივით ზეცაზე სხედან
    ჰო, აჯობებდა ამ ღამესაც ჰქონოდა ბოლო
    მისახსოვრებენ ამინდები საკუთარ ცხედარს
    მე ჩემს დაფლეთილ სულზე დავწერ მხოლოდ და მხოლოდ.

    მემახსოვრება სექტემბერში ფოთლების კრახი
    შეასრულებენ მუხის ძირში სევდიან სოლოს,
    მივაშტერდები გზაჯვარედინს მდუმარე სახით
    მე უსახელო ქუჩაზე ვწერ მხოლოდ და მხოლოდ.

    მინდა გაფრენა, გეფიცები სულით ხორცამდე
    არათუ სახლში, იცი? - ფანჯრის რაფაზე ვცხოვრობ.
    არა ლუდვიგი,
    არა ბახი,
    არა მოცარტი
    ალბათ სიჩუმის მელოდიას მოვუსმენ მხოლოდ.

    ზედ გადაეკრა ღრუბლის კონა ზღვისპირა ქალაქს
    ვერ გამამტყუნებ მეტი სითბო უფალს რომ ვთხოვო.
    ფოთლებდამჭკნარი ყვავილები მე ჯიბით დამაქვს
    და გვირილებზე თუ დაგიწერ მხოლოდ და მხოლოდ.

    თუნდაც ცრემლებმა დღეს თვალები ტბებად აქციონ
    თუნდაც ვერასდროს გავუსწორდე უკუსვლას ბოროტ.
    ან კაპილარებს რომ მოსწყურდეთ სისხლი - მაქსიმუმ -
    მაჯის გადახსნა მოვახერხო მხოლოდ და მხოლოდ.
    ____
    მაინც მონიკებს,
    მაინც ანნებს,
    მაინც ტერეზებს -
    დავეძებდი და დავეძებდი იმდენხანს, ხოლო -
    დღეს აღარავინ, აღარავინ მაინტერესებს
    მე მარიამებს შეგიყვარებთ მხოლოდ და მხოლოდ..