ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო,როცა არც კი ვიცოდი ვინ ვიყავი .უდანაშაულო დამადანაშაულეს და სიცოცხლე,დიახ,სიცოცხლე მომისაჯეს.

მაშინ ვერ ვაცნობიერებდი რა იყო ეს,ახლა კი ვხვდები-ყველაზე მკაცრი სასჯელია,რაც კი ამქვეყნად არსებობს!

ბევრი რომ არ ვილაპარაკო,სასამართლოს შემდეგ გამაქანეს პირდაპირ კვერცხუჯრედისკენ,მერე 9თვე ერთ პატარა ოთახში მაყურყუტეს და ბოლოს ციხეშიც ამოვყავი,უფროსწორად -გამოვყავი თავი.

ასე დაიწყო ჩემი ცხოვრება და წამება.

ერთი შეხედვით კარგი ადგილია ეს ციხე-დედამიწას ეძახიან,მაგრამ კარგად თუ დააკვირდები გისოსებსაც შენიშნავ.ამ ციხეში მილიონობით ადამიანია გამოკეტილი,რომელიც ერთმანეთს ვერ იტანს და საუკუნეებს ატარებს გაუთავებელ ომებში.

ბრძოლა,ზიზღი,უსამართლობა…სულ ერთი და იგივე.

რაღაცებს ქმნიან და მერე თვითონვე ანადგურებენ.არა,აქ არ არის არანაირი წესი,არანაირი ცენზურა.ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ სისრულეში მოვიყვანოთ განაჩენი და ვიცოცხლოთ.აი ზოგი ამას ვერ ახერხებს და ვადამდელი გათავისუფლების შანსით სარგებლობს.აქაურები ამას სუიციდს ეძახიან,მე-სისულელეს.

ღმერთმანი,ნელ-ნელა ვგიჟდები,ვიგუდები,ვიხრწნები.

სხვებიც გიჟდებიან…გამოგონილ არსებებს,გამოგონილ ადგილებს აღმერთებენ და ამით ცდილობენ სიცოცხლის გახალისებას,მაგრამ იმას ვერ ხვდებიან ,რომ ტყუილ ცხოვრებაში ისევ ტყუილ პერსონაჟებს ამატებენ და, საბოლოოდ ,ერთი დიიიდი ტყუილი გამოსდით.

თითქოს ყველაფერი რეალურია:სახელები და გვარები,შენობები,ადამიანები,ღმერთები,მაგრამ სინამდვილეში ფარსია.

18 წელია სიცოცხლე მისჯილი დავიარები და ნამდვილად არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი მომიწევს აქ ყურყუტი.სასჯელის დასრულებისას,ალბათ,უკვე შეშლილი ვიქნები ცხოვრებისაგან.

ერთი დიდი ბუნტი არ აწყენდა ამ ციხეს…

მე კი,უბრალოდ ყვირილი.აი ისეთი ყვირილი,ყველა ტკივილი და განცდა რომ ამოაქვს და ჯანდაბისკენ მიაქანებს.

აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!

ესეც ასე.

ისე,მშვენივრად მოვაწყე ჩემი საკანი.სიმშვიდე,მარტოობა,ტკბილეული…ჰმმ,რაღაც მავიწყდება-სიგარეტი და… ტარააამ! ყველაფერი მზადაა,ახლა მშვიდად შევუდგები ოცნებას .

პ.ს. ამ ციხეში საშინელი სიცხეა,ვინმემ ჩააქრეთ მზე!