უსაზღვროდ..
ავტობუსი..
ხალხი..
ყაყანი..
სიცივე და სიცხე ერთად..
ისევ გაჩერება..
ისევ ხალხი..
კიბეები..
ჩასვლა..
ამოსვლა..
ამ ქალაქში დრო არ გადის.
ჰო, აი ისიც.. ისევ იქ დგას. ნეტავ, ყოველ დილით საიდან მოაქვს ამდენი გვირილა? ან რა მუსიკას უსმენს ასე გატაცებით? ნეტავ რაზე ფიქრობს? არა, ამას ისეთი სახე აქვს აშკარად ოცნებობს. ნეტა, ასე რას მივშტერებივარ, უხერხულია. მიყურებს! მიყურებს? მდაა. მოჩვენებებიც დამეწყო. არა, არა, არ მეჩვენება. ნამდვილად მიყურებს. მიყურებს და მიღიმის კიდეც. მეც გავუღიმებ. რა დაშავდება, რას დავაშავებ. ხალხი ირევა. მიდი-მოდიან. ეჩქარებათ. გარბი-გამორბიან. მეც მაგვიანდება, მაგრამ შუა გზაზე ვდგავარ და ჩემნაირ გიჟს ვუღიმი სულელურად. არც ვიცი, რატომ ან რისთვის. ის კი მოდის და გვირილების უზარმაზარ თაიგულს მჩუქნის, ჩემკენ იხრება და ჩურჩულით მეუბნება: “ბედნიერ დღეს გისურვებთ!”, მერე კი ისე სწრაფად ქრება, რომ მადლობის თქმასაც ვერ ვასწრებ.
გზა..
ხალხი..
წივილი..
კივილი..
ჩხუბი..
ტირილი და სიცილი ერთად..
ხმამაღალი ლაპარაკი..
ჩურჩული..
მივყვებით დინებას.
მე..
შენ..
ზოგჯერ ერთად..
ზოგჯერ ცალცალკე.
უკანასკნელად გავიბრძოლებ-მეთქი, გავიფიქრე. მერე ვეღარ იტყოდნენ, უბრძოლველად დათმოო ყოველივე, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ყოველივემ რისთვისაც/ვისთვისაც უნდა მებრძოლა, კუბო მოირგო და გარდაცვლილად გამოაცხადა თავი. მეც გადავწყვიტე ბრძოლა კი არა, შეგუება დამეწყო იმ ყველაფერთან, რაც ჩემ თავს ხდებოდა და ხდება. მერე, ისიც გამახსენდა, საკუთარ თავში და საკუთარ სხეულში რომ ვიყავი დაკარგული. ამიტომაც გამოვაცხადე ძებნა საკუთარ მეზე. ძლივს წამოვხიკე საკუთარი მე სხეულის რომელიღაც ნაწილიდან, რომელსაც პირობითად გული დავარქვი. შევაწებე და ერთი ნაწილი დააკლდა, მაგრამ ვმკურნალობთ და იმ ნაწილსაც ვიპოვით როგორმე. სადმე. სხეულს შიგნით ან პირიქით.
მე და შენ უკვე გავცდით საზღვრებს..
ორივემ ბედნიერება ჩავიცვით..
მე მზის-ფერი..
შენ ცის-ფერი..
მე და შენ უკვე გავცდით ჰორიზონტს..
მაგრამ ეს დასასრული არ არის..
რადგან არც ერთს არ დაგვისვამს წერტილი..
არც ერთად..
და არც ცალცალკე..