თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას, რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი, რასაც ვამბობ. დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას. ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს, მესმის რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავ, ვკარგავ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი, სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს…
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შალიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს, არამედ სულსაც.
ღმერთო თუ გული მექნებოდა მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავხატავდი, ბენედიტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა. ღმერთო ჩემო, მე რომ მოკლე სიცოცხლე მქონოდა… არ გავიყვანდი არც ერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა, რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა და კაცს, რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული.
ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა, რომ შეყვარება აღარ სძალუძთ, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს. პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი. მოხუცებს დავანახებდი, რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან ხალხნო… დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ, როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასდროს გაუშვებს მას. ვისწავლე , რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი რამ აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები. ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ.
რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს, რომ შენი სურვილის დამცველად მოვევლინე.
რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი, რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა.
რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას, რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა.
რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი “მიყვარხარ”, თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი…
ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებას გვაძლევს, რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ.
ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდას თუ მოხუცს, შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმათ ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა “ვწუხვარ”, “მაპატიე”, “გეთაყვა”, “გმადლობ” და
ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცი. შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს, რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.
თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც იყო გუშინდელი და თუ ამას არასოდეს გააკეთებ, არც მაგით დაშავდება რამე… დაიწყე შენი ოცნების ახდენა, ახლა სწორედ მაგის დროა
........