მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, როგორც მინდა.
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურთმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!
რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია –
დარობს რამდი დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა,
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.
აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი – ნიკორწმინდა!
ვგრძნობ, ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანდო
ნათლად ნიკორწმინდა!
ხვეულთ დიადება
ვხედავ – რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა,
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება – ნიკორწმინდა!
მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი – ნიკორწმინდა!
შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი,
გშვენის, ნიკორწმინდა!
მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გვინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს ნიკორწმინდა!
შენ ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი.
მძლავრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება –
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!