კარგია ფრენა? დაეუფლე სივრცეს?...
არ არის ოცნება ლამაზი, საშიშია, ზალიან საშიში და მაცდური. თავბრუს გახვევს, სულს გიფორიაქებს, შემოიჭრება შენს შინაგან სამყაროში და ურცხვად აფათურებს ხელებს, სურს გამოიცნოს შენი სულის საიდუმლო, შენც თვალებს ხუჭავ, მიჰყვები მისი თამაშის წესებს და მთელი არსებით იძირები მის არარსებულ, წარმოსახვით სამყაროში. ცხოვრობ ლამაზ ზღაპარში და არ იცი რომ ამ ზღაპრის ზღაპრული სტერეოტიპი შენს თვალწინ დაინგრევა, ადამიანის ფეხქვეშ გათელილი ლამაზი პეპელას მსგავსად. იცი? ის ძალიან ჰგავს შენს ოცნებებს, მოევლინა ამ ქვეყანას, აიჭრა მაღლა ცაში, ძალიან ბევრი იფრინა თავისივე შექმნილ სამყაროში და ბოლოს ისევე გაითელა, როგორც შენი ოცნებები გაითელებიან შენს თვალწინ. არ დაუჯერო, არ აყვე, ნუ იქნები მათზე დამოკიდებული. გაბნევენ, მაცდური ფერებით გიფერადებენ სამყაროს და ბოლოს, მაშინ როცა თვითონვე დაიღლებიან შენი დაცინვით, ისევე იტყვიან უარს შენზე, როგორც შენ უარყავი მწარე რეალობა....
დაგეღალა ფრთები? ეშვები დაბლა? რამ შეცვალა ვარდისფერი სიზმარი? ჯოჯოხეთურმა კოშმარმა, არა? შენს უცხო, ნათელ სამყაროში გაჩნდა შავი წერტილები, ეს წერტილები ნელ-ნელა გაიზარდა და ღვთაებრივი სამოთხე ერთ მტანჯველ ჯოჯოხეთად იქცა... მიეჩვია შენი ჩვილი გული ტკივილს, შენი ერთ დროს მშრალი თვალები ცრემლს, დამთავრდა ლამაზი ოცნებები, დაიღალნენ ისინი შენით და დაგტოვეს. ახლა მათ მხოლოდ შენი ცხოვრების წიგნის გადაშლილ ფურცელზე იხილავ...
ალბათ გათენდება შენს უკუნეთ სიბნელეში და წარსულში დარჩენილ უსაფუძვლო ოცნებებზე დამცინავად გაიღიმებ. ოცნებამ დგაბრმავა, შენთვის ყველაფერი მარტივი სურვილები იყო, რომელიც შენი ილუზიით უეჭველად შესრულდებოდა...
ისევ თენდება ბნელ ბურუსში, უცნაურად ენაცვლებიან შენში ერთმანეთს ვარდისფერი და შავი წერტილები, რაღაც საშიშ თამაშს გეთამაშებიან... არ აყვე!
ეს ოცნებაა... კვლავ მოენატრა შენთან თამაში.