ომი

  • კატეგორია:
  • 1991 წელს პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა თეორეტიკოსმა ჟან ბოდრიარმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე პროვიკაციული ფრაზა წარმოთქვა: „სპარსეთის ყურის ომი არ მომხდარა (იგულისხმება 1991 წელს აშშ-ის ინტერვენცია ერაყსა და ერაყის მიერ ოკუპირებულ კუვეიტში), ყველაფერი მედიის დადგმული სპექტაკლი იყო! ერთადერთი, რაც მსოფლიოს საზოგადოებამ ამ ომის შესახებ ნახა, იყო ღამის წყვდიადში მიმდინარე საარტილერიო ცეცხლი, რამდენიმე დანგრეული შენობა და სამხედრო ტექნიკის ნაშთები.“ როდესაც კაიროს უნივერსიტეტში წაკითხულ საჯარო ლექციაზე მას ერთი ექიმი შეეპასუხა, მე თავად ვმონაწილეობდიო ამ ომშიო, ბოდრიარმა უპასუხა, თქვენ, როგორც ჩანს, ბევრ დროს ატარებთ ტელევიზორთან და ყველაფერი დაგესიზმრათო. ბოდრიარის თანახმად, მედია შთანთქავს რეალობას და მას მოჩვენებებით, სიმულაციებით ცვლის. შესაბამისად, ჩვენ მუდამ მოჩვენებათა სამყაროში ვიმყოფებით და ამ არარეალური სამყაროს მიერ მოწოდებული და განსაზღვრული შინაარსებითა და მნიშვნელობებით ვიმართებით. რეალობა, რომელსაც ვხედავთ და აღვიქვამთ, ინსცენირებულია, დადგმული რეალობაა.

    ბოდრიარის ეს იდეა, განსაკუთრებით ერაყის პირველ ომთან მიმართებით, 2008 წლის აგვისტოს ომმა გამახსენა, უფრო სწორად, იმ დროს თბილისში ყოფნამ განმაცდევინა და ეს განცდა, რომელიც ყოველწლიურად, აგვისტოს ომის მორიგ წლისთავზე, ხელახლა მეუფლება, ერთი წინადადებით შემიძლია გადმოვცე: აგვისტოს ომი არ მომხდარა! ეს ომი ჩემთვისაც და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც მედიაში გათამაშდა და ჩვენს მეხსიერებაშიც სხვადასხვა სახის მედიალური სურათებითა და ფორმებით არსებობს. ესაა ქართული ტელევიზიების რეპორტაჟები და რენი ჰარლინის ჰოლივუდურ ეფექტებზე აგებული მდარე ხარისხის ფილმი „აგვისტოს ხუთი დღე“, მართლმადიდებელ ფანატიკოსთა „ღმერთის მიერ დასავლეთისაკენ სწრაფვისათვის საქართველოს დასასჯელად გადმოყრილი ბომბები“ თუ გმირთა მოედანზე აღმართული „გმირობის მონუმენტი“.

    ერთადერთი თუ არა, ძირითადი სამსჯელო თემა, მთავარი კითხვა, რომელიც ამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე გაისმის, არის - ვინ დაიწყო ომი? რუსეთმა თუ საქართველომ? რა იყო საქართველოს მხრიდან ცხინვალზე საარტილერიო ცეცხლის გახსნა - თავდაცვა თუ აგრესია? საკითხის ამგვარი დაყენებით, თავად ომი, მისი მიზეზები და შედეგები, ომის მსვლელობის ისტორია, მსხვერპლი, ლტოლვილები, ნგრევა, ცალკეული ადამიანების ბედი და ა.შ., მეორე პლანზე გადადის ან საერთოდ ქრება ჩვენი ხედვის ჰორიზონტიდან, ხოლო მის ადგილს იკავებს მედიის მიერ მოწოდებული კადრები, მასობრივი ინსცენირებები, მონუმენტები და პოლიტიკური მოწოდებები, რაც გარეგნულად თითქმის არაფრით განსხვავდება ტელეკომპანია „იმედის“ „მოდელირებული ქრონიკისაგან“ და, საბოლოო ჯამში, მხოლოდ იმ განცდას აძლიერებს, რომ აგვისტოს ომი, რომელიც ჩვენთვის მედიიდანაა ცნობილი, სინამდვილეში არ მომხდარა. ერთადერთი ხელმოსაჭიდი სწორედ ეს სუბიექტური განცდაა, რომლის აღწერითაც მინდა ვცადო იმ ამბის გაგება, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში მართლა მოხდა.

    ომი დაიწყო და მალე ცხინვალს დავადუღებთო, - მითხრა ტაქსის მძღოლმა 2008 წლის 8 აგვისტოს, დილის 4 საათისათვის, როდესაც პრაღის გავლით ბერლინიდან თბილისში ჩამოვედი. მთელი დღის ნამგზავრმა და ღამენათევმა, ტაქსის მძღოლის ნათქვამი სერიოზულად ვერ აღვიქვი, მაგრამ გამახსენდა, რომ რამდენიმე საათის წინ პრაღაში ჩემმა ქართველმა მეგობრებმა მკითხეს, ცხინვალთან რაღაც სროლაა და ხომ არ იცი, რა ხდებაო?

    8 აგვისტოს შუადღისას გავიღვიძე და უკვე საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხებიდან, თანაც თავად პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვებიდან გავიგე, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. ქართული ტელეარხები მთელი დღის განმავლობაში იუწყებოდნენ საქართველოს სამხედრო წარმატებების შესახებ და ღამის წყვდიადში საარტილერიო ცეცხლს აჩვენებდნენ. ნაშუადღევს, როდესაც სახლიდან გამოვედი, თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით გამოსასვლელ და სასეირნო ადგილებში, თვალშისაცემი მეჩვენა კაფეებსა და რესტორნებში ჩვეული ხალხმრავლობა. განსაკუთრებული კი მხოლოდ ტელეეკრანები იყო, რომლებისკენაც, როგორც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატების დროს, ადამიანებს შიგადაშიგ თვალი გაურბოდათ.

    იმავე საღამოს სიტუაცია შეიცვალა, თუმცა კიდევ უფრო მეტად საფეხბურთო ასოციაციების გამომწვევი იყო თბილისის ქუჩებში სწრაფი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანები, საქართველოს დროშებითა და წყვეტილი სიგნალებით. მანქანებიც და ხალხიც დროშებითა და პატრიოტული შეძახილებით რუსეთის საელჩოს მიმართულებით მიიწევდნენ, სადაც, როგორც მერე ასევე ტელევიზიით შევიტყვე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და აქციის მონაწილეებმა რუსეთის საელჩოს წინ უნიტაზები დადგეს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ადამიანებს უხაროდათ ომის დაწყება და ქართული ტელეარხებისგან მოწოდებულ ინფორმაციებს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმატებების შესახებ საფეხბურთო სიხარულით ეგებებოდნენ, განსაკუთრებით, როდესაც 21 საათზე სააკაშვილმა თავის მიმართვაში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიას, დაბა ჯავის გარდა, საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. მისივე თქმით, „დღეს საქართველოს შეჰყურებს მთელი მსოფლიო!“, ანუ სწორედ აქ წყდება მთელი მსოფლიოს ბედი.

    როდესაც საქართველოს ტელეარხები სახელისუფლო პროპაგანდის ფუნქციას ასრულებდნენ, „ხალხის ხმა“ ტელეარხების ექოსავით ისმოდა იმ დროს საქართველოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ ფორუმ.გე-ზე, რომელიც ერთსულოვნებისა და პატრიოტული გრძნობების დემონსტრაციად იქცა. აქ ტელეარხების ინფორმაციებს ჭორები და შეთქმულებათა თეორიებიც ემატებოდა.

    ეიფორიული განწყობა რადიკალურად შეიცვალა 9 აგვისტოს, როდესაც საქართველოს ტელევიზიებმა დაიწყეს რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ინტერვენციის ამსახველი კადრების ჩვენება. ამას დაემატა ქართული ტელეარხებით ნაჩვენები ისტორიული ფილმებიც, რომლებიც საინფორმაციო გადაცემათა შუალედებს ავსებდა და, ამასთანავე, მიმდინარე მოვლენებს მხატვრულ შინაარსს სძენდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო 10 აგვისტოს ღამე, როდესაც ტელეინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ტანკები თბილისზე იერიშისათვის ემზადებოდნენ და ქალაქში სრული პანიკა ატყდა. მაშინ ტელევიზიამ ოლივერ სტოუნის „ტროა“ აჩვენა, რაც სიმბოლურად რუსეთის ჯარების მიერ თბილისის მოსალოდნელი აღება-გადაწვის ალეგორია უნდა ყოფილიყო. 11 აგვისტოს კი, როდესაც გაირკვა, რომ რუსეთი სააკაშვილის დასამხობად და შესაპყრობად მოიწევდა თბილისისაკენ, ქართულმა ტელეარხებმა უჩვენეს მხატვრულ ფილმს „დიმიტრი თავდადებული“. ამით საქართველოს პრეზიდენტი სამშობლოსათვის თავდადებული მეფის ფიგურასთან გაიგივდა.

    ტელევიზიით ნაჩვენებმა ისტორიულმა კინოფილმებმა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ ტელემაყურებელზე, არამედ საქართველოს წამყვან პოლიტიკოსებზეც: პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელსაც, ჩემი აზრით, ათწლეულის ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკური მოწოდება ეკუთვნის, რომ თბილისელები წინ უნდა აღუდგნენ რუსეთის ჯარებს, ვისაც როგორ შეუძლია, როგორც ჩანს, თავი მეფე არტურად წარმოიდგინა.

    ქართული ისტორიული ნარატივი გაცოცხლდა და აწმყოსთან გამთლიანდა, უფრო სწორედ, აწმყოს ჩაენაცვლა 12 აგვისტოს, პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე, სადაც ამ ომში საქართველოს სამხედრო მარცხი ტრიუმფად გარდაისახა. საქართველოს პრეზიდენტმა ეს დღე 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარ დიდგორის ბრძოლასთან დააკავშირა. ამით ომში მარცხი საზეიმო სანახაობად გადაიქცა, ხოლო ტრაგედია – აპოთეოზად.

    აგვისტოს ომის ტრიუმფის კულმინაცია 1 სექტემბრის „ცოცხალი ჯაჭვი“ იყო. ამ დღეს საქართველოს პრეზიდენტი მოგვევლინა მასობრივი ინსცენირების დიდოსტატად, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მანიფესტაცია დადგა. ამ აქციის ეპიცენტრში – თავისუფლების მოედანზე – სააკაშვილის სიტყვას წინ უძღოდა საქართველოს ჰიმნი და ბეთჰოვენის „სიხარულის ოდა“ მეცხრე სიმფონიიდან, რომელიც ევროკავშირის ჰიმნიცაა. ამ გრანდიოზული სანახაობის დაგვირგვინებად პრეზიდენტმა წარმოსთქვა სიტყვა, რომ საქართველოში „რუსული იმპერიალიზმი დასამარდება“ და „მთელი მსოფლიოს თავისუფლების ბედი აქ წყდება, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის წინამძღოლობით“, ხოლო ჩვენ ვართ „ოქროს საწმისის, არგონავტების ქვეყანა, უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა“, რომელსაც ვერავინ დაამარცხებს. სააკაშვილის ამ სიტყვებს მოჰყვა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის ოვაციები და „მიშა“, „მიშა“-ს და „-ჯოს!“ შეძახილები.

    ამ პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, თავად ეს ომი შეიძლება ჩაითვალოს სააკაშვილის ნაციონალიზმის, მისი ძალის იდეოლოგიის გამარჯვებად, რომელიც პრეზიდენტის ტრიუმფით დამთავრდა. აგვისტოს ომი სააკაშვილის მმართველობის, ინსცენირების მისეული ხელოვნების ზენიტი იყო. ამან კიდევ ერთხელ იმდენად გაამყარა პატრიოტული ეიფორია, რომ მას შემდეგ შეჯიბრი პატრიოტულ შეძახილებსა და სამშობლოს უფრო მეტად სიყვარულის მტკიცებაში კვლავაც ძირითად პოლიტიკურ თემად რჩება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ორთაბრძოლაში. სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი კი მხოლოდ დაკარგული ან ოკუპირებული „ტერიტორიებია“, მიწის ნაკვეთები, მასზე ომამდე და ომის შემდეგ მცხოვრები ადამიანების, მათი ბედ-იღბლის გარეშე.