ნიღბები

  • კატეგორია:
  • თუმც გარს მარტყია, როგორც ნათელი,
    თუმც დღე და ღამე ჩემს წინ ციმციმებს,
    ცრემლებად აწევს თვალებს გახელილს,
    ნიღბის ჩრდილი და ნიღბის სიმძიმე.

    მწარედ გადაგკრავს ღიმილის მახვილს,
    გიძღვნის ბორკილის მძიმე ყვავილებს
    და სევდა გიპყრობს ნიღბისგან დაღლილს,
    როდესაც ხვდები ნიღბით დაღლილებს.

    და თუ ღიმილის იდუმალ ფარდას,
    სუდარასავით ჩამომაცილებთ,
    ნახავთ თვალები თუ როგორ კარგავს
    ცრემლის და სისხლის ფერმკრთალ ნაწილებს.

    და ამ ნიღბების მიღმა მავალნი,
    თუმცა ერთმანეთს ვერ გავაცინებთ,
    მაინც დაგვნათის ერთი ვარსკვლავი,
    ნიღბით ცოცხლებს და ნიღბით დასჯილებს...