მე შენ მიყვარხარ თავდავიწყებით,
რამ დაგაფეთა,ჩემო მიმინო,
შენს ლამაზ ბუდედ გადავიქცევი,-
შენ მუდამ ჩემთან უნდა იფრინო.

მე მიყვარს შენი ეგ თოვლის ყელი,
თეთრი ფეხები,ფიქალი მკერდი,
მე რომ უეცრად დავიხრჩო ცრემლით,
ნეტავ ,ვიცოდე რას მიაწერდი!

მე მიყვარს შენი თეთრი სხეულის,
გამონაშუქი სხივების კრთომა,
ეგ ოქროსფერი თმების ხვეული,
და ნუმც ეწვიოს სულს შემოდგომა.

მე მიყვარს შენი ყვრიმალის ფერი,
შენი ღაწვების სიწითლე ,ბრწყინვა...
შენ ხარ მაღალი ვარდების ტევრი,
მე შენთვის ვიწვი,მე შენთვის მცივა...

მე მიყვარს შენი რძიანი ბაგე
და ბუდეშური თაფლის თვალები,
მე შენ გიმღერი იდუმალ ჰანგზე,
შენ ჩემს შეხვედრას რად ეკრძალები!

მე მიყვარს შენი ფრთქიალა ტანის-
ველურ ყვავილთა რხევა ნატიფი,
თქვი,სიყვარულში თუ ხარ გამტანი,
ფერხთ გაგეგები,როგორც სათიბი.

შენ ჩემებრ ვერვინ ვერ შეგიყვარებს,
ვერვინ მიწვდება შენს ციურ ფრენას,
შენს ფრთებზე შავ ფერს ნუ გაიკარებ,
მოგაფრქვევ თეთრი ვარდების ფენას...

მე შენ მიყვარხარ თავდავიწყებით,
რამ დაგაფეთა,ჩემო მიმინო,
შენს ლამაზ ბუდედ გადავიქცევი,
შენ მუდამ ჩემთან უნდა იფრინო.