მე მოვალ შენთან! –ბანალური არის სიტყვები...
ზუსტად ისეთი, როგორც ახლა ჩვენი განწყობა...
არაფერს გეტყვი,შენ ყველაფერს ისეც მიხვდები –
წასვლისას ყველა გულნატკენიც ასე ამბობდა...
დამელოდები? –არც ეს კითხვა არის ახალი
და უფრო ხშირად პასუხია – თავის დაქნევა...
ისიც იცი, რომ არაფერი აღარ მახარებს
და მხოლოდ ძველი სურვილია –კვლავ გადარევა!
რითმებიც ძველი –მაგ ცრემლების ტბებმა დატბორა
გემი, რომელიც ტრფობის ზღვაში დიდხანს ვატარე...
და ალბათ ფიქრობ –რა იქნება ის მეტაფორა
ჩემს მოსვლას ახლა, ბოლო სტროფში რომ შევადარებ...
დაგელოდები! –თავის ქნევით მპასუხობ რახან
და წამწამებიც სინანულის ფერით მორთულან...
მე მოვალ შენთან!როგორც...თოვლი მოვიდა შარშან!
შარშან კი...თოვლი...
როგორც მახსოვს...
სულ არ მოსულა...