უგონოდ მყოფი პაციენტი მრავალი წლის შემდეგ კომიდან გამოვიდა - თითქოს არაფერია დაუჯერებელი, მაგრამ ასეთი შემთხვევები გაოცებას მაინც იწვევს: ადამიანი ხომ ამ დროს თითქოს დროში გადაადგილდება. ასე მოუვიდა პოლონელ რკინიგზელს, რომელიც 19 წელი იყო უგონოდ. ისტორია მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში დაიწყო, როდესაც პოლონეთს ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმი მართავდა. არეულ ქვეყანაში უკვე სიღარიბე და შიმშილი სუფევდა, როდესაც რკინიგზელმა იან გრჟებსკიმ თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ექიმებმა მის ოჯახს სამწუხარო ამბავი ამცნეს: მექანიკურ დაზიანებასთან ერთად იანს თავის ტვინის სიმსივნეც აღმოაჩნდა. მამაკაცი კომაში ჩავარდა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ის სამ წელიწადზე მეტ ხანს ვერ გაძლებდა, ცოლსა და ნათესავებს კი სასწაულის იმედი ჰქონდათ. ისტორია მართლაც სასწაულით დამთავრდა - ბატონი გრჟებსკი 2007 წლის 12 აპრილს გონს მოვიდა. ექიმებს მხრების აჩეჩვის გარდა აღარაფერი დარჩენოდათ. სამყარო კი ირგვლივ უკვე კაპიტალისტური და დემოკრატიული გამხდარიყო. უნდა გენახათ მუშის გაოცება, როდესაც გაიგო, რომ კომუნიზმი თვრამეტი წლის წინ დაემხო, შინ კი თერთმეტი შვილიშვილი ელოდა. იანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "დღეს ძალიან მაოცებს, რომ ყველა, ვინც მობილური ტელეფონით ხელში დადის გარშემო, გამუდმებით რაღაცაზე წუწუნებს. მე კი რაღა მაქვს საწუწუნო?" მართლაც - იმას, რაც გვაქვს, ხშირად მანამდე არ ვაფასებთ, სანამ არ დავკარგავთ.