ლექსებს სიცოცხლის ძალას ვანიჭებ..
მრავლისმნახველი თვალების ფასად!
როგორც პოეტი ყველგან ვარ თითქოს,
როგორც უფალი მე არ ვარ არსად...
რადგან სასჯელად თქვენი მზე მერგო
და მოლოდინით დამღალა სივრცემ,
მსურს სული ლექსებს გადავუნერგო
და საკუთარი სიცოცხლე მივცე,
რომ სტრიქონს, ზეშთაგონების ნაყოფს,
შეეძლოს სუნთქვა ჩვილების დარად,
რომ ჯოჯოხეთშიც კი ვიამაყო
ამ სასწაულით მარად და მარად!
მწამს, სამყაროში ვარ ერთადერთი,
ვინც მოწყალებას თქვენთვის არ იჩენს,
ვით პოეზიის უკვდავი ღმერთი
ლექსებს სიცოცხლის ძალას ვანიჭებ!..