გიშვებ.. სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ -
გიშვებ , რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ.
ხელს კი არ გიშვერ , გიშვებ - მეთქი, ღამის სიგიშრე
ტბები დამიშრა, ცრემლიც არ მაქვს -
უცრემლოდ გიშვებ

მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ
ტკივილით ძილში ,ღვიძილში და მე გიშვებ იმ შენ
ერთადერთ გზაზე , ვიწრო გზაზე და ეს კი ნიშნავს
რომ შენს საკუთარ სიღრმეში და წიაღში გიშვებ.

სახლში დაბრუნდა ღვთისმშობელი გოლოთის მერე,
ჯვარცმის საღამო მიიწურა და ალბათ ნივთებს
(რაზეც ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ , წერენ)
ადგილს უცვლიდა , ალაგებდა და წმენდდა იმ დღეს.

ათი მცნებით ვართ აკრძალულნი , ათი უძირო
უკიდეგანო უფსკრული წევს ჩვენს შორის შიშებს
ათასგვარს აღძრავს იგი ჩვენში - უღრმესს, უმძიმესს,
და ამიტომაც სხვა რა გზაა - მე სახლში გიშვებ

ბედნიერება ცრურწმენაა , ნუ ჩაეფლობი
ამ ძველ ჭაობში, ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს,
ეს მე კი არა - სიყვარულის შეუძლებლობა
თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს!

გფარავდეს თვითონ ღვთისმშობელი და ასეც იზამს
ჩემი ჩარევის , ხვეწნისა და თხოვნის გარეშე ,
სადმე შევხვდებით სიკვდილამდე ცხადში ან სიზმრად
და ჩავიხედავთ ერთმანეთის დამშრალ თვალებში