შენ იდექი აივანზე მარტო
და ნიავი შემოდგომის ქროდა.
სიყვარულით მიყურებდი მახსოვს
და მე ჩუმი სიხარული მქონდა.

მახსოვს შენი აღტაცება სახის
და ბავშური - გულუბრყვილო სევდა.
სთქვი უეცრად; - ჩემი გული არის
შენი გულის გადაბმული ფეთქვა.

მახსოვს მარად შენს თვალებში მეტი
უფსკრულივით ჩაძირული დარდი.
და მომენდე ვით უმწეო მტრედი,
ვით უმწეო უცოდველი ბავშვი.

მახსენდება ჩვენი ძველი სკამი
და ჩვენ ერთად ვსაუბრობდით ცაზე.
იყო ღამე და საათი სამი
და ჩვენს სითბოს არ ახსოვდა ღამე.

მახსენდება ის ქუჩები ახლა
სადაც ბევრჯერ გაგვივლია ერთად.
მახსენდება ის გორაკი მაღლა
სადაც ღამე გვითევია თეთრად.

მახსენდება გახარება შენი
და თვალებით საუბრობდი ჩემთან,
მახსენდება სიყვარული ჩვენი,
რომ ეს იყო მიწვდომილი ღმერთთან.

მახსენდება ეს ყოველი ისევ,
ოდეს ტკბილი მოგონება სევდად.
და მე ახლა მოგონებებს მივსდევ
და დავტოვებ დარდს დამღუპველ ბედად.

გაიყარა გაიარა გზები,
მაგრამ ჩვენი სიყვარული ცოცხლობს.
შენ სადა ხარ? - შორს ხარ ჩემგან ვხვდები,
მაგრამ გული კვლავ შენს სითბოს მომთხოვს.

მალე ისევ შემოდგომა მოვა
და სიყვითლეც დაეტყობა სახეს...
ნაზ სიოში ხმელი ფოთოლთ თოვა
გაგვახსენებს ჩვენს ბედნიერ წამებს;

რომ იდექი აივანზე მარტო
და ნიავი შემოდგომის ქროდა.
აღტაცებით მიყურებდი მახსოვს
და მე ჩუმი სიხარული მქონდა.