მხატვრის დღიურიდან
თავი ისე ჩამოდო ხელებზე მეგონა ახლა გემრიელად იტირებდა.მას კი ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.უბრალოდ მშვიდად ედო თავი ხელებზე.სახეს ვერ ვხედავდი და სიმართლე რომ ვთქვა,არც მინდოდა.სრულიად მაკმაყოფილებდა ოდნავ გარუჯული კისერი და ოქროსფერი ტალღოვანი თმა.ცოტა არ იყოს მშურდა მისი.შეეძლო შებრძოლებოდა და შიგნითვე ჩაეკლა ყველა უარყოფა,ტკივილი და კივილად ყელში გაჩხერილი ემოცია.
გარეთ ზაფხულის მოთენთილი შუადღე იდგა.ვისხედით პატარა კაფის ჩრდილს შეფარებული,ორი უცნაური ადამიანი.მე-მხატვარი თუ რაღაც ამდაგვარი,ის ...ის კი ლამაზთვალება ეშმაკი,რომელსაც ახლა მელანქოლიისა და გულახდილობის საათი დასდგომოდა.მშვენიერი ტანდემია.აღმსარებლის როლში ბევრად უფრო მომხიბლავი ჩანდა.თვალებიც რაღაცნაირი სევდით დაებურა.ხოდა მეც საათნახევარი ვისმენდი უცნაურ,ახლართულ,გარყვნილ ისტორიებს,ვისმენდი და ტვინში მაინც არაფერი მრჩებოდა.დღესაც კი ძალიანაც რომ მოვინდომო,მაინც ვერ აღვადგენ მეხსიერებაში მონაყოლს.
ეს იყო აღსარება-რომელიც ქარს გაჰყვა.
არადა,თავი რა მშვიდად ეჭირა.ვუყურებდი ამ უსუსურ არსებას,მის პატარა გამხდარ მაჯებს,ლამაზ კისერს და არ მჯეროდა,რომ მის სხეულს,ამ პატარა მხრებს,ამ პაწაწინა ხელებს შეეძლო ყველა იმ უბედურების მოტანა,რომელსაც ასე ამაღელვებლად მიყვებოდა ცოტა ხნის წინ.(მას ხომ ასე უყვარს ტყუილები.ალბათ,ესეც ერთგვარი ხერხია,მოხიბლოს მამრი).
რთულია,მასთან არ შეცდე.ზუსტად ვიცოდი,ყველა კაცს გაუჩნდებოდა სურვილი მხოლოდ მისი ყოფილიყო,მიესაკუთრებინა.ისიც,ალბათ,აუღელვებლად დაჰყვებოდა მათ ვნებას და მერე ისევე მშვიდად ამთავრებდა ყველაფერს,როგორც იწყებდა.უბრალოდ უკან ბევრ ღია ჭრილობას ტოვებდა.იყო ყველასი და თან არავისი.
ზედმეტად დიდია ცდუნება.და მაინც,თავის გაკონტროლებას ვახერხებ.ვიცი,მისი ყველა ნაბიჯი,ყველა ამოსუნთქვა და მაინც ვერ ვხედავ ხაფანგს,რომელიც ძალიან ახლოსაა დაგებული.თუმცა,კი ვგრძნობ.აქამდე მოვყევი.მანამდე იყო თამაში,უნდობლობა,ფლირტიც და მაინც არასდროს თქმულა სიტყვა ჩვენ შორის ამის თაობაზე.ახლა კი,როცა მას ჩემზე ერთგული მეგობარი არ ჰყავს,როცა მის აჩრდილად ვიქეცი,ასეთი უსუსური იჯდა ჩემ წინ და ოქროსფერი თავი მშვიდად დაედო ხელებზე.
-არ მოდუნდე-ჩუმად გავუმეორე საკუთარ თავს.მან ამომხედა,უცნაური ღრმა თვალებით.თითქოს,სიბნელეში რაღაცამ გაანათა.ცნობისმოყვარედ დამაჩერდა,თითქოს,სულში მიძვრებაო და...
-არ გინდა დამხატო?
-ახლა არა!
-არა,ახლა,მოდი,ესკიზი გააკეთე უბრალოდ.გპირდები,არც კი გავინძრევი.-ისე დაამრგვალა თვალები,იმდენად ბავშვური იყო ამ წამს,რომ უარი ვერ ვუთხარი და დინჯად დავიწყე ჩანთიდან ფანქრების და ფურცლების ამოლაგება.მერე მხარზე მაისური გადავუწიე და თავი ოდნავ დავახრევინე,ვუთხარი თვალებში მიყურეთქო და დავიწყე...
ვხატავდი და მეშინოდა იმ უზარმაზარი სიმშვიდიდან მომზირალი არსების.არ განძრეულა,სუნთქვასაც კი ვერ ვგრძნობდი.თვალებში ვუყურებდი და ფურცელზე გადამქონდა ემოცია.უცებ,საკმაოდ უცნაური რამ მკითხა:
-შენი აზრით რა არის სიყვარული?-კითხვა ისეთი მოულოდნელი იყო,რომ ფანქარი კინაღამ გამივარდა.
-არ ვიცი,ამაზე მართლა არ მიფიქრია.სულ რაღაც თხუთმეტის ვიყავი,როცა ჩამოვწერე რა იყო სიყვარული,მერე არც არავინ აღარ მყვარებია.უცნაურ კითხვებს სვამ,ისე.
-სულაც არა,ჩვეულებრივი ბანალური კითხვაა.უბრალოდ,მაინტერესებდა.არ ფიქრობ,რომ არსებობენ ადამიანი-სიყვარულები,ადამიანი-ვნებები,ადამიანი-სიკეთეები,ემოციები და ა.შ.ყველა ის აბსტრაქტული რამეები რაც გაგვიგია...
-ბოდავ?-(არაა,ნამდვილად ჩემ ცდუნებას ცდილობს)ცოტა სულელურად გავუღიმე.
-ხო,ალბათ..მოკლედ დავიღალე,სხვა დროს გავაგრძელოთ...-მშვიდად ადგა,სახე გაუქვავდა მხოლოდ და კაფედან ჩქარი ნაბიჯით გავიდა.რაღაც ეტკინა.ვიგრძენი.
ფანჯარასთან,პატარა ნაცრიფერი მტრედი დაჯდა.ვუყურებდი და მერე რატომღაც მთელი საღამო ვფიქრობდი ლამაზთვალება ეშმაკზე,მის აღსარებაზე,პატარა ესკიზზე,რომლის დახატვაც მოვასწარი და მივხვდი,რომ არ ცრუობდა.მივხვდი,რომ მიუხედავად მისი საშინელი ხასიათისა ტყუილი არ უთქვამს..უბრალოდ,მის ცხოვრებაში იყო დღე,როდესაც სინანულის ხასითზე დადგა და მე შემეცოდა.მივხვდი,რომ ცუდად მოვიქეცი,მივხვიდ,რომ ის სითბო,რომელიც ძალიან ჭირდებოდა მას არ გამოვხატე,უბრალოდ გულგრილად მოვუსმინე,ისე თითქოს კედელი ვყოფილიყავი და სრულიად მარტო დავტოვე თავის ცოდვებთან,არადა მას,როდესაც ასე მშვიდად ედო ოქროსფერი თავი ხელებზე ყველაზე ძალიან ჩემი მოხვევა ჭირდებოდა,მერე რა რომ ცრემლები არ ეყო ეტირა.
იდიოტი ვარ,ამას არასდროს მაპატიებს.
გავები.