არ შემიძლია მშვიდად სიკვდილი,
მშვიდად დავხუჭო თვალი,
სცენა მეძახის ისევ და ისევ,
როგორც მრევლს უხმობს ზარი.
ხან ვითამაშე კეთილი მეფე,
ხანაც ვიყავი ავი,
სცენა მიყვარდა,სცენას ვუყვარდი,
არ მადარდებდა თავი.
მე ვთამაშობდი ლოთსაც,მდიდარსაც,
ხანაც ვიყავი კინტო,
მაგრამ რა ვიყავ სინამდვილეში,
ვინმემ გაიგო? ვითომ!
ეხლა საკუთარ როლსაც ვასრულებ,
გულში ჰამლეტად ვიყო,
უნდა გამაგრდე,ნუ გეშინია,
ნუ გეშინია ნიკო.
არ შემიძლია მშვიდად სიკვდილი,
მე უნდა მოვკვდე ხალხში,
უკანასკნელად სცენაზე ვდგევარ,
გთხოვთ ,დამიკარით ტაში!