ციდან რამდენიმე ნაბიჯში ვცხოვრობ
და თავს ვერ ვუყრი უთავბოლო ფიქრის ნაპირებს
გარეთ ამინდი შეასრულებს თებერვლის სოლოს,
მერე კი ლექსი უხმოდ წასვლას გადამაფიქრებს,
მე ვიცი ახლა ცივ ოთახში დარდიანს გძინავს,
სიზმრად დაეძებ დაკარგული ბედის ვუალებს
და მინდა სული მივანარცხო დაორთქლილ მინას,
ბევრჯერ რომ შენი სტრიქონებით გადაუარე,
როგორც ქარმა და ქარიშხალმა, ისევ წამება
შემოგაქვს ჩემში,როგორც დილით ფინჯანი ყავა,
სულ მალე ალბათ ბილიკები გაიკვალება
და ჩემს მაგიერ ფეხაკრეფით თვითონვე წახვალ,
იქით საითაც, გზები უფრო მარტივი მოჩანს,
ამბობ, რომ უჟმურს დავატარებ ისევ ხასიათს,
ჰოდა ძვირფასო,ყველაფერი გათავდა,მორჩა
მე ხომ წასვლაშიც დაგემსგავსე ასე ძალიან
შენ თქვი რომ ციდან რამდენიმე ნაბიჯში ვცხოვრობ...