1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
- მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი
***
ოპტიმისტური ლექსი

კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ… იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ… არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა…
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.
***
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა – წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . .
My WebPage