პატარა გუბე იყო, ზოგისთვის - არც ისე პატარა, დასავლეთიდან ძალიან შორს ჩანდა აღმოსავლეთი სანაპირო, აღმოსავლეთიდან კი ჩანდა რა, იქიდან იოლად მოდიოდნენ დაბლობისაკენ. წყალი, როგორც ყველა ტბაში, მღვრიე იყო, მაგრამ უცნაური და ალბათ ცოტა ბოროტიც, ხან ისე ღელავდა, ბურუსი ისე იტაცებდა ტალღებს, შხეფები ცისკენ მიიწევდნენ და ნაპირები ერთმანეთს სწყდებოდა. იმ დროს თუ ვინმე ცურავდა, უსათუოდ იხრჩობოდა... გედების გარდა. შავი გედი, უცნაური გედი... ხიდი ქვის იყო და მაღალი, რკალივით. ამხელა ტბაზე უხილავ ხიდზე გადადიოდა გედი და გადმოდიოდა, საიდან ჰქონდა ამდენი ძალა, საოცარია... მეორე გედი, ისიც უფრო უცნაური, ალბათ ჭრელი. არ უყვარდა ხიდი, სძულდა, სძაგდა, მარტო მაშინ გადადიოდა, როცა შავი გედი ძალიან მოინდომებდა. ბოლოს მაშინც არ გადადიოდა.
აღმოსავლეთით წალკოტი იყოო, ყვებიან. არადა არაფერი განსაკუთრებული. დასავლეთიდან მომზირალნი, ოღონდ არა ჭრელი გედი, ფიქრობდნენ, რომ შავი გედი ბედნიერი უნდა ყოფილიყო, ჰქონდა თავისი ბუდე, მაღალ მწვერვალზე, ტბასთან ახლოს, როცა მოსურვებდა, ტბასთან აღმოჩნდებოდა, ჰქონდა კარგი მინდორი, მწვანე, ხასხასა და მარად მობიბინე, უყრიდნენ ოქროს მარცვლებს და უსხამდნენ რძის ნექტარს, ბედნიერიაო შავი გედი... ჭრელ გედსი ჭრელ გედსაც ჰქონდა თავისი წალკოტი, ის კი არა, შავი გედისგან განსხვავებით, მას ოთხთვალები აცილებდნენ ტბაბმდე, მასზეც დადიოდა ხმები, ბედნიერიაო... ყველა ბედნიერიაო, ამბობდნენ და მაინც... დაიღალა უხილავი ხიდიც, ხან თავისდაუნებურად ჩნდებოდა, იქნებ რომელიმემ გადმოიაროსო, აღარც შავი გედი გადადიოდა, აღარც ჭრელი. შავს ყველაფერი სტკიოდა, ჭრელსაც სტკიოდა. გაბრაზდა ტბა, აღელდა, შეეშინდა ხიდს და გაუჩინარდა, თან ფართოდ გახელილი თვალებიდან შიშის ნაცვლად სევდა გადმოუვარდა და აქაფებულ ტალღას ზეცაში დაემალა. აიწია ტალღამც, ბოლოდმე ამოაფრქვია ტბამ დარდი, დანისლა ჯანღმა ყველაფერი, ტალღები და მათი შხეფები კი ზევით და ზევით, ცისკენ მიიწევდნენ, ხიდს მისდევენო თითქოს... გაოგნებული იყურებოდა შავი გედი, დაეშვა მწვერვალზე მოკალათეული ბუდიდან. ნაპირს მიუახლოვდა, ჯერ სისველე იგრძნო ყვითელ ფეხებზე, მერე ბუმბულიც დაუსველდა, კისერს უცნაურად ატრიალებდა, ფრთები გაშალა და თითქოს მიფრინავსო, ტალღებს შეერია...ხიდმა რომ გადმოიხედა, მზე ანათებდა, ნელ-ნელა ჩამოიპარა ისევ, ერთი ფეხი დასავლეთით დაადგა, მეორე - აღმოსავლეთით. კიდევ მოსინჯა ნაპირზე სიმყარე, ტალღები არსად ჩანდნენ, ტბა ლივლივებდა, როგორც არასდროს... ელოდა ხიდი, ელოდა... დიდხანს ელოდა. ბოლოს დაიღალა და სევდიანად ახედა ცას, ამოვიდეოი ჯერ შედგა, მერე თვალები გააფართოვა, მერე პირი დააღო: ორი თეთრი ღრუბელი დაცურავდა ზევით, ერთზე შავი გედი იჯდა, მეორეზე - ჭრელი. ხან ერთი ღრუბელი გაუსწრებდა, ხან მეორე. ბოლოს ერთმანეთში აირია და ერთი გახდა...
ხიდს გაეცინა, მხრები აიჩეჩა და ზევით აიწია... გედი უნდა იყო, სურვილი რომ აგისრულდესო, გაიფიქრა...