დედა!
ან თოვლი ჩვენს ფოთში რა ფრთხილად ეფინა,
ჰო, სევდა სულ, მუდამ ამ ჩემს გულს უმიზნებს
შორია (აქედან) დე ფილადელფია ...
დე, შენსთავს ვფიცავარ სულ გიცდი კარებთან
და ხელში შავ-თეთრი ის ფოტოც მიჭირავს,
თითქოს და შემდგარი კაცი ვარ გარედან
შიგნით - რაც დამტოვე იგივე ბიჭი ვარ ...
ცხოვრებას სიკვდილის ხაზებად ვევლები
ფიქრებში ღამეებს გუშინაც მივაკვდი,
ბებია ცდილობს, რომ დამალოს ცრემლები
ბაბუამ - მეორედ მიიღო ინფარქტი ...
ჩვენთან წვიმს ამ დილით, იმდენად, იმდენად
ჩემს ცრემლს და წვიმის წვეთს ვერავინ გაარჩევს,
სიკვდილმაც დამბაჩა რომ გადაიტენა
იმ ტყვიამ რატომღაც აკოცა მამაჩემს ...
სულში რა ომია იმათ რა იციან
ჩვენთან სხვანაირად უფრო მზე მწველია,
მეტი არაფერზე არ მაქვს ამბიცია
მხოლოდ ძმის ნახვა მსურს მეხუთე წელია ...
ჩემში ტკივილების არის ესტაფეტა
ღმერთი არც კი ვიცი რითი გავაბრაზე,
ჩემთვის შენ იყავი "დე" ან ზოგჯერ "დედა"
ძმისთვის სამწუხაროდ - "mammy" ან და "mother" ...
ასე მივუყვები დე, მე კუთვნილ აღმართს
გზას როცა ვამთავრებ ცოტა იქ ვიღლები,
ყვავილებს გჩუქნიდი გახსოვს ყოველ 3 მარტს
ახლა მამაჩემთან დამაქვს გვირილები ...
გრძნობებს მიჯაჭვული ვრჩები რახანია
როგორც ამირანი, ან როგორც პრომეთე,
ვზივარ ბუხართან, ეს რაღაც ახალია -
ლექსებს გიწერ ... როგორც შვენით დღეს პოეტებს ...
ღამე იწვება და ეს დილა ფერფლია
დავიწყებ ახლიდან, შენ ხელი გამიშვი,
შორია ფოთიდან დე ფილადელფია
მე გხედავ სიზმრებში ...